როდის არის ბიზნეს კონცენტრაცია სავალდებულო შეტყობინების საგანი - ირაკლი ლექვინაძის დეტალებზე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, 2025 წელს სააგენტომ 18 ბიზნეს კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რადგან ისინი კონკურენციის გარემოსთან თავსებადად შეფასდა. ორ შემთხვევაში კი, სამშენებლო ინდუსტრიაში, კომპანიებს დაევალათ ქცევითი ვალდებულებების აღება, რათა ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შექმნა არ გამოეწვია და კონკურენცია არ შეზღუდულიყო.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, სააგენტო რეგულარულად ამოწმებს ბაზარზე მიმდინარე კონცენტრაციებს, ყოველკვარტალურად საჯარო რეესტრიდან იღებს ინფორმაციას ყველა რეგისტრირებული გაერთიანების შესახებ.
„ბიზნეს კონცენტრაცია გულისხმობს კომპანიების გაერთიანებას ან ერთი ბიზნესის მიერ მეორეში წილის შეძენას, კონტროლის მოპოვებას, რაც ბაზრის გამსხვილების პროცესია. ეს საინვესტიციო აქტივობის კუთხით მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა და ზოგადად მიუთითებს სექტორის დინამიურ განვითარებაზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სწრაფი მოხმარების საქონლის (FMCG), მშენებლობის და სამშენწბლო მასალების ინდუსტრიაში. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ამ პროცესის ზედამხედველობაა. კერძოდ, თუ გაერთიანებული კომპანიების ერთობლივი ბრუნვა 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეულის წილი მინიმუმ 5 მილიონი ლარია, ისინი ვალდებულნი არიან, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებით მიმართონ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
სააგენტო დეტალურად აფასებს, თუ რა გავლენას მოახდენს ბიზნესების გამსხვილება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ხომ არ გამოიწვევს ეს დომინანტი ეკონომიკური აგენტის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლოა კონკურენტულ გარემოს საფრთხეს უქმნიდეს. 2025 წლის მონაცემებით, უწყებამ 18 ბიზნეს კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რაც ადასტურებს, რომ ეს გაერთიანებები კონკურენციასთან სრულ თავსებადობაში იყო.
აღსანიშნავია, რომ ორ შემთხვევაში, რომლებიც სამშენებლო მასალების ინდუსტრიას ეხებოდა, კომპანიებს თავდაპირველად უარი ეთქვათ ბაზარზე მათი მოცულობითი წილის გამო. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მხარეებმა აიღეს ე.წ. „ქცევითი ვალდებულებები“. ეს გულისხმობს კომპანიების მზაობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმოქმედონ დადგენილ ზღვრებში, რათა არ მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა და ბაზრის სხვა მოთამაშეების ინტერესების შელახვა“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.