როდის გამოცხადდება ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერი - მინისტრის პასუხი
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა, სადაც ის ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს პასუხობს.
ლევან დავითაშვილი განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაასრულონ და მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო წარმართავს - შეირჩევა მშენებელი კომპანია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან.
„ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ფინანსებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებში უკვე არის ასახული - მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი ასევე განმარტავს, რომ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება კი, მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში, რაც ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია.
„განახლებულია მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ MTBS-მა განაახლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების შემცირება, რადგან კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. 589 მილიონი დოლარი - ეს არის პროექტის პირველი ფაზის ღირებულება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826