როგორ აფასებს ირაკლი ლექვინაძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სამუშაო პროცესს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფასების საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანი მართვა მხოლოდ სხვადასხვა ინსტიტუციისა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი.
როგორც მან რადიო „სივრცეში“, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო კომისია და ასევე საპარლამენტო კომისია, სწორედ ის პლატფორმებია, სადაც შესაძლებელია ისეთი სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოკლე ვადაში ფასებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენენ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამთავრობო კომისიაში წარმოდგენილია ყველა უწყება, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ფასების საკითხთან და ზოგადად სასურსათო თუ არასასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტებთან. ასევე მოქმედებს საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ეს პლატფორმები საშუალებას იძლევა, კომპლექსურად მოიძებნოს სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ისეთ ნაბიჯებში, რომლებმაც ფასებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, კომისიის შეხვედრების ფორმატში, განსაკუთრებით კი მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრებზე, გამოიკვეთა ის პრობლემური საკითხები და სუსტი წერტილები, სადაც სწორი რეგულირების პირობებში შესაძლებელია ფასების შემცირების რესურსის გამოძებნა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2023 წლიდან ახორციელებს FMCG ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. სააგენტოს გააჩნია შესაბამისი შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც სასარგებლო შეიძლება იყოს როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კომისიებისთვის.
მისივე თქმით, სააგენტოს წლიურ ანგარიშებში დეტალურადაა ასახული ბაზრის ანალიზი.
„ბოლო მონაცემებით,"რითეილის" ბაზარზე არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტი. 10 მსხვილი ქსელური მარკეტის წილი 60%-ის ფარგლებშია. იმისთვის, რომ სააგენტომ შეძლოს რეაგირება, უნდა არსებობდეს დომინანტური მდგომარეობა ან კონკრეტული გარიგების ფაქტი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
GCCA-ის თავმჯდომარის თქმით, სააგენტოს ანგარიშებში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ ბაზარზე პირობების განმსაზღვრელი ძირითადად მაინც “რითეილიია”, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენს მომწოდებლებზე, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებზე.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, არსებული პრობლემების გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს
და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების საქმიანობა.
„ჩვენ მზად ვართ, ორივე ფორმატში აქტიურად ჩავერთოთ და შესაბამისი წვლილი შევიტანოთ იმ დასახული მიზნის მიღწევის მიმართულებით, რასაც ფასების შემცირება ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
18.06.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0408 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0408 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.