როგორია ბათუმის უძრავი ქონების დინამიკა და რატომ შემცირდა გაყიდვები - Galt & Taggart-ის მიმოხილვა
2024 წლის II კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (- 3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად). გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).
„ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია მიგრანტების ეტაპობრივი გადინებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, რაც უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული.
„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი).
2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2 -ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826