როგორია საქართველოსა და ყირგიზეთის მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდება. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 273 754.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 39.4%-ით ნაკლებია. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 451 734.0 ათას დოლარს აღწევდა.
სავაჭრო ბრუნვის კლება ძირითადად განპირობებულია საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტის მოცულობის შემცირებით, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის უდიდეს ნაწილს იკავებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყირგიზეთის ბაზარზე 272 827.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი 449 976.5 ათას დოლარს შეადგენდა.
ექსპორტის პარალელურად შემცირებულია ყირგიზეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტიც, თუმცა მისი წილი საერთო ბრუნვაში ისედაც მინიმალურია. 2026 წლის იანვარ-აპრილში ყირგიზეთიდან საქართველოში 926.1 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც თითქმის განახევრებული მაჩვენებელია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როდესაც იმპორტის ღირებულება 1 757.5 ათას დოლარს შეადგენდა. მიუხედავად საერთო კლებისა, ორმხრივ ვაჭრობაში სალდო კვლავ საქართველოს სასარგებლოდ მკვეთრად დადებითი რჩება.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
12.06.2026.11:12
შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - დასძინა ნათია თურნავამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა, ასევე ჩინური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.