როგორია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები - TBC Capital-ის მიმოხილვა
2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა. როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა
გასაქირავებელი ფასი ნოემბერში $11.5-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა (-1.3პპ, წ/წ). 2024 წლის 11 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 6%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826