როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარების დასტაბილურებასთან და პანიკის გადავლასთან ერთად, სებ-მა დაიწყო რეზერვების შევსება - ლადო პაპავა
როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რეზერვების შევსებისთვის პირველი შესყიდვა და დარწმუნებული ვარ, რეზერვების ზრდა გაგრძელდება“, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ რეზერვების შევსების შეფასების თაობაზე.
მისი შეფასებით, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.
„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.
„არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეზერვების ზრდა არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. ამიტომ როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ-ი ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას მოფრთხილება სჭირდება.
„ყველა ექსპერტს ვურჩევდი, რომ გაუფრთხილდნენ ქვეყნის ინტერესებს, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას. ბუნებრივია, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში მსგავს განცხადებებზე, თუმცა არა მგონია ეს გააკეთონ, რადგან, მარტო იქიდან მოყოლებული, რაც 1995 წელს ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა, იმ დღიდან მოყოლებული ოპოზიცია სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებს, რომ ლარი გაკუპონდება, ჩამოიშლება, მაგრამ შემდეგ მათი მოხდილი ბოდიში მე არ მახსოვს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო. ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო.
ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.
„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ სებ-ში.
ამასთან, როგორც სებ-ში განგვიმარტეს, სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოგვაწოდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826