რომელ დარგებზე გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი
მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 44 490,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 2%-იან ზრდას, ხოლო 2022 წლის მაისთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს.
მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, კი მაისის ბოლოსთვის ვაჭრობის დაკრედიტებისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ 4 048,4 მლნ ლარი შეადგინა, მრეწველობის დარგზე გაცემულია 3 834,2 მლნ ლარი, ხოლო მშენებლობის დარგზე გაცემული სესხების რაოდენობამ კი 3 701,7 მლნ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების რაოდენობა 24 679,0 მლნ ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
09.06.2026.17:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.
„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.
წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.