რომელი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე TAV Georgia
25-26 იანვარს, ADP ჯგუფის წევრმა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში სახელწოდებით New York Travel & Adventure Show 2025. ღონისძიების ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა გამოფენაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან და ამერიკის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.
TAV Georgia-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვ.
მოხდა ინფორმაციის გაზიარება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების, მათი სერვისებისა და პოტენციალის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენამ სახელწოდებით New York Travel & Adventure Show 2025 ათასობით სტუმარს გააცნო მთავარი ტენდენციები ტურიზმის სფეროში. კომუნიკაციის პლატფორმა შეუქმნა ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, მოგზაურებსა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის სფეროს 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826