რომელი პროექტების განხორციელება იგეგმება რუსთავში - ქალაქის მერი დეტალებზე
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარების პოლიტიკა ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროს: ინფრასტრუქტურის, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული სერვისების თანაბარ გაძლიერებას ეფუძნებოდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ცდილობს შექმნას ისეთი გარემო და მუნიციპალური სერვისები, რომლებიც რუსთავს უფრო თვითმყოფად ქალაქად აქცევს და ახალგაზრდებს განათლების, სპორტისა და განვითარების თანამედროვე შესაძლებლობებს სთავაზობს.
„საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება უნდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დროს სპორტია, როდესაც გზა ასეთ მდგომარეობაში მაქვს, რა დროს კულტურაა, როდესაც სახურავიდან წყალი ჩამომდის და ჩვენი პოლიტიკა დღეს ქალაქში და განვლილ ოთხ წელს თუ გადავხედავთ, იყო თანაბრად გაგვენაწილებინა ფინანსები, მონდომება, ჩვენი ენერგია ყველა სფეროზე, იმიტომ რომ მართლაც ყველა სფეროს სჭირდება სათანადო ყურადღება.
განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებდით ახალგაზრდებზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას, სამომავლო პერსპექტივებს უფრო გააძლიერებდა. რა არის მუნიციპალიტეტი? მუნიციპალიტეტი არის არა მარტო სამშენებლო კუთხით, არამედ ძლიერი მუნიციპალური სერვისები, რომელიც ქმნის ქალაქში ცხოვრების სტილს. თბილისის სიახლოვეს ყოფნა რუსთავისთვის სიკეთეც არის და გარკვეულწილად აფერხებს კიდევაც და რა ჭრილში შეგვიძლია რომ ეს განვიხილოთ - იმიტომ რომ თბილისის აგლომერაციაში ყველაზე დიდი ქალაქია რუსთავი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დასაქმების კუთხით, განათლების კუთხით, ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქი იყოს თვითმყოფადი, თვითმყოფარი ყველა იმ სერვისით, რომელიც შეიძლება ცხოვრების უკეთესი სტილისთვის, უკეთესობისთვის გჭირდებოდეს ქალაქში ეს იქნება კინო, თეატრი... 20-მილიონიანი ინვესტიცია რომ ვახსენეთ, ძალიან მალე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში კინო გვექნება რუსთავში, რაც დიდი მოთხოვნა იყო ახალგაზრდების. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მიმართული იყო, რომ მუნიციპალიტეტს შეძლებოდა ძლიერი მუნიციპალური სერვისების განვითარება და რისთვის? იმისთვის, რომ ახალგაზრდას ჰქონოდა თანამედროვე მედიათეკა, რომ მას არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა, იმისთვის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თანამედროვე სერვისებით უკვე დახმარებოდა ახალგაზრდას არაფორმალურ განათლებაში, სპორტის სასახლე ავაშენეთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტის შესაძლებლობა ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდამ გითხრას, რომ მე მინდა სპორტით ვიყო დაკავებული და მაქვს ამის შესაძლებლობა. ციფრული სივრცე გავხსენით, რომ მომავლის პროფესიებზე წვდომა ჰქონოდათ ახალგაზრდებს - საქართველოში პირველი მუნიციპალური ციფრული სივრცეა, სადაც თანამედროვე ციფრულ პროფესიებზე შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომ ტრენინგები გაიარონ.
ყველა ის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით, ამას სჭირდებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწორედ ამ პოლიტიკით ვიყავით დაკავებული. ახლაც გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები. ძალიან მალე დაიწყება რუსთავში უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რაც ახალი შესაძლებლობა იქნება ქალაქისთვის, იგივე სტუმრების ნაწილში - ჩვენ ტურისტული პოტენციალი არცთუ ისე დიდი გვაქვს და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვაქვს, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტები სწორედ დაგვეხმარება იმაში, რომ მეტი სტუმარი მივიღოთ, ვუმასპინძლოთ მაღალი დონის შეხვედრებს.
ვიწყებთ ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციას და ეს არეალი გახდება ახალი ეკონომიკური სიძლიერე ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ ამორტიზებულია ძველი ლამაზი შენობები, რომელსაც ავთენტურ იერსახეს შევუნარჩუნებთ და თუნდაც მარტივად რომ ავხსნათ, პირველ სართულზე კომერციული ფართები გაცოცხლდება, სხვადასხვა ბიზნეს იდეები გაჩნდება...
ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალია ჩვენი ქალაქის. რუსთავის პარკის რეაბილიტაცია საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და სპორტქალაქის მშენებლობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტის რეფორმას დავასრულებთ იმით, რომ ძალიან თანამედროვე გარემოში აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობა იქნება ერთად თავმოყრილი და აქაც ძალიან საინტერესო პოლიტიკას ვამუშავებთ.
ჩვენი მიზანია, რომ რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა გარკვეულწილად იყოს სპორტთან დაკავშირებული, რაც ჯანმრთელობის კუთხით და ბევრ სხვა პოზიტიურ გავლენას მოიტანს. ახლა ვამუშავებთ მათ შორის მედიკამენტების მოთხოვნის ნაწილს - რა დაავადებებზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომელსაც ჩვენ ვასუბსიდირებთ და ვაფინანსებთ. მოკლედ, ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით არის აუცილებელი დღეს“,- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826