ROSSIYA AIRLINES-ს საქრთველოში ოპერირებაზე ორჯერ მიიღო უარი - სააგენტო
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
სააგენტო ეხაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსულმა ავიაკომპანია OSSIYA AIRLINES-მა საქართველოში ფრენის უფლება მიიღო.
„მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი - თბილისი - სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ.
სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826