რუსეთიდან ფულადი გზავნილების ეფექტი ეკონომიკაზე მოკლევადიანია, დინამიკა შეიცვლება - სოსო ბერიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე უფრო მეტადა დამოკიდებულია, ვიდრე ომამდე იყო. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსი მიგრანტების გააქტიურებამ გარკვეული გავლენა გზავნილებზეც მოახდინა.
ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდას ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში აქვს და არასტაბილურია.
„რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა არის ომიდან გამოწვეული ეფექტი. ომამდელ პერიოდში ფულად გზავნილებში რუსეთის წილი მუდმივად იკლებდა და 30 მილიონი დოლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით რუსმა მოქალაქემ თავი სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა, მათ შორის, საქართველოს. ამ პროცესს უკავშირდება ფულადი გზავნილების ზრდაც. შემდგომ თვეებში ტენდენცია შეიძლება შენარჩუნდეს, მაგრამ ასეთი მასშტაბური ზრდა არ იქნება", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი და დასძენს, რომ რუსეთიდან ფულადი ნაკადების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, რადგან რუსულ ფულს რისკი ყოველთვის ახლავს.
„რუსული ფულის მოძრაობა ყოველთვის შეიცავს რისკს. მით უმეტეს, არ ვიცით, რუსეთის მოქალაქეები კონკრეტულად რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში, რას აპირებენ, რა დავალება აქვთ და სხვა. სუფთა ეკონომიკური კუთხითაც, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა არის სახიფათო, ვინაიდან იგი არასდროს არ ყოფილა სანდო პარტნიორი. მტრული ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% დაპყრობილი აქვს და ამიტომ მით უფრო აუცილებელია ცოდნა, რა ფული შემოდის რუსეთიდან საქართველოში", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რუსეთიდან საქართველოში თებერვალში ფულადი გზავნილების სახით $187.34 მილიონი ჩაირიცხა მატება წინა წელთან 754% -ია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826