საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია სომხეთის სტრატეგიად უნდა დარჩეს - ფაშინიანი
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სომხეთმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა გააგრძელოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.
„ვფიქრობ, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებული ყველა პრობლემა რომც მოგვარდეს, დივერსიფიკაცია ჩვენს სტრატეგიად უნდა იქცეს“, - განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
„რაც არ უნდა მოხდეს, ამ მიმართულებას არ უნდა გადავუხვიოთ. თუმცა, კმაყოფილებით უნდა აღვნიშნოთ, რომ, რა თქმა უნდა, პრობლემა იყო და არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ამ პრობლემის მართვა შესაძლებელია“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთმა სომხეთიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტზე შეზღუდვები 2026 წლის ივნისის დასაწყისიდან დააწესა. შეზღუდვები დღემდე ძალაში რჩება, რის გამოც სომხეთის მთავრობამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
ევროკავშირის საბჭო 2 სექტემბერს სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომების შემოღებაზე შეთანხმდა, რათა რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერა მოხდეს.
აღნიშნული ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს გაათავისუფლებს არსებული სავაჭრო შეზღუდვებისგან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826