S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას - ეკატერინე მიქაბაძე
საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.
„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი განცხადებით, Standard & Poor's-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.
„სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.