S&P საქართველოს ეკონომიკურ, ფისკალურ და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას. რეიტინგი განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, მთავრობის ზომიერი ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან დაფინანსებაზე წვდომა. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება. აღნიშნულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.
სააგენტოს პროგნოზით, თებერვალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, შესაბამისად, 2026 წელს 6,4%-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 5,9%-მდე, ხოლო საშუალოვადიან პროგნოზში 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.
S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად და მაღალლიკვიდურად აფასებს და ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები.
შედეგად, სააგენტო საქართველოს ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, განაგრძობს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.