სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესებამ, როგორიცაა საერთაშორისო რეზერვების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მაღალი ენერგო ფასების ფონზე.
„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. ანგარიშის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში, საქართველო იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, რაც 2023-2025 წლებში 8%-ს აღემატებოდა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია დაბალი ფისკალური მაჩვენებლები, როგორიცაა დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, მათ შორის, ის ფაქტორი, რომ საგარეო ვალი, ძირითადად, შედგება საინვესტიციო პროექტებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კონსესიური სესხებისგან. ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მდგრადობა, აღნიშნულია საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესება, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და რეზერვები, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისათვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.
2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა
01.11.2026.17:18
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავალწლიანი გამოცდილება შეაჯამა. ღონისძიებაზე „ფინედუს“ კიდევ ერთი ახალი პროექტის „ფინანსური განათლების ავტობუსის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინანსური განათლების მასწავლებლები.
„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან სწორედ ფინანსურად განათლებული ადამიანი არის ჯანსაღი საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი. გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა „ფინედუს“ ინიციატივით განხორციელებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლების მონაწილეობით კი პანელური დისკუსია „ერთი შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობებამდე“ გაიმართა.
წლების განმავლობაში „ფინედუს“ მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა. სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 200-ზე მეტ კლასში ჩატარდა ფინანსური განათლების შესახებ გაკვეთილი, რომელმაც ჯამურად 33 ათასამდე მოსწავლე მოიცვა.
პროექტმა „სტუმრად ეროვნულ ბანკში“ 85-ზე მეტი სკოლა და 2 200-ზე მეტი მოსწავლე მოიცვა, ფინანსური განათლების შესახებ სხვადასხვა წლებში გამართულ კონკურსებში 6 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინანსური განათლების ინოვაციურ სპექტაკლს კი 1 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ფინედუმ“ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი მასწავლებლების გაძლიერება და ჩართულობაა. ინიციატივა მასწავლებლებისთვის ტრენინგებს გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1 300-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალი პროექტის - „ფინანსური განათლების ავტობუსი“ პრეზენტაცია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივის მხარდამჭერები არიან: „სილქ ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, მიკრობანკი „კრისტალი“ და მასტერქარდ საქართველოს წარმომადგენლობა.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, რეგიონებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ამ მიმართულებით საჯარო, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.