სააგენტოს ამოცანაა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რაც ადგილობრივი გადამზიდავებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - ლევან გამყრელიძე
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ’’ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს საავტომობილო გზით უკვე შეუძლიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება.
სააგენტოს დირექტორის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მხარესთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური ძალისხმევითა და სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უშუალო ჩართულობით. მისი თქმით, შეთანხმების შედეგად, ახალ ეტაპზე გადადის საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში.
„საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და ქართველი გადამზიდველებისთვის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ქართველი გადამზიდველების ინტერესების დაცვას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ახალ ბაზრებზე,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი ნებართვა უკვე გასცა. სააგენტოს თბილისის ფილიალიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვების მიღება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რეგიონის ოფისებს, ნებართვების გაცემა დაიწყება მომავალი წლიდან.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის, როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826