სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია და ეს წლიურ მაჩვენებელზეც აისახა - გოგიტა თოდრაძე 2025 წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე
„სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია და ეს წლიურ მაჩვენებელზეც აისახა“, - ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრობდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 2025 წლის მეოთხე კვარტლის ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში განხორციელდა 392 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, დაახლოებით 2.3%-ით ჩამორჩება, თუმცა ეს ჩამორჩენა სწორედ სავალო ვალდებულებების კომპონენტს უკავშირდება, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, ანუ გადავიხადეთ გარკვეული რაოდენობის სესხი, რამაც განაპირობა ამ 2.3%-იანი შემცირება.
თუმცა, სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებელი პირიქით, გაზრდილია და ეს აისახა კიდეც წლიურ მაჩვენებელზე. წლიურ ჭრილში, მილიარდ 688 მილიონი ინვესტიცია მიიღო ქვეყანამ და ეს მაჩვენებელი 7.6%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და აქაც აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია მნიშვნელოვნად, მისი წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 82.8%-ია და გაზრდილია ასევე სააქციო კაპიტალის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გვევლინება“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826