საავიაციო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სექტორში ვახორციელებთ ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას იმისათვის, რომ შუა დერეფნის კონტექსტში საქართველო მოემსახუროს როგორც ტვირთნაკადებს, ასევე მგზავრებს - თამარ იოსელიანი
საავიაციო სექტორში, ისე საზღვაო სექტორში, თუ სარკინიგზო სექტორში ვახორციელებთ ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას იმისათვის, რომ შუა დერეფნის კონტექსტში საქართველო იყოს მზად იმისათვის, რომ მოემსახუროს როგორც ტვირთნაკადებს, ასევე მგზავრებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
თამარ იოსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც ვაზიანის აეროპორტი შევა ექსპლუატაციაში ის 20 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
„თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლის ბოლოდან შევა ოპერირებაში. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, მკაფიო გეგმა თუ როგორ უნდა განვავითაროთ ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება 20 მილიონ მგზავრს უკვე 2031 წლის ბოლოდან.
შესაბამისად ჩვენ მზად ვხვდებით იმ ნაკადებს, რომელზედაც გვაქვს გათვლა. აქედან გამომდინარე, როგორც საავიაციო სექტორში, ისე საზღვაო სექტორში, თუ სარკინიგზო სექტორში, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას იმისათვის, რომ შუა დერეფნის კონტექსტში საქართველო იყოს მზად იმისათვის, რომ მოემსახუროს როგორც ტვირთნაკადებს, ასევე მგზავრებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826