საავიაციო სექტორში გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, უზრუნველყოფილი იქნა $150 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა, 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა - პრემიერი
საავიაციო სექტორშიც გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720 000 ლარი.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. აქაც მადლობა ეკონომიკის სამინისტროს იმისათვის, რომ ძალიან ეფექტიანად წარიმართა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ქუთაისის აეროპორტში დაინერგა საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა და მგზავრის გატარების დრო შემცირდა სამჯერ. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-დან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავიამიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-დან 125-მდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევის შედეგი, მათ შორის დაგვემატა პეკინის, შანხაის, ლონდონის, ჟენევის მიმართულებები, მთელი რიგი სხვა მიმართულებები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავია მიმართულებების დამატების მიზნით.
სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. რეისების რაოდენობა გაიზარდა 17.5%-ით. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
09.09.2026.19:37
„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და 2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„2012 წელს ჩვენ თუ გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს უკვე გვყავს 21 000 მეზღვაური, რაც ნათლად აჩვენებს ინტერესის ზრდის ტენდენციას . წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კონტინგენტის მიღება გავაორმაგეთ. წინა წელს თუ ჩვენ ვიღებდით 450 სტუდენტს, წელს უკვე 900-მდე სტუდენტის მიღების საშუალება გვქონდა. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად შევძლებთ უმაღლესი მიმართულებით სტუდენტების მიღებას. იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ როგორც სწავლის ხარისხი, ასევე დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ძალიან კვალიფიციური კადრები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.