საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი | ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე
საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დროს მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია ეკონომიკურ სარგებელსა და ასევე, საბიუჯეტო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, სარგებელი არის ძალიან დიდი. რაც შეეხება კამპანიას, იცით, რომ კვლავაც წარმოებს ე.წ. არაბიზაციის კამპანია. გახსოვთ, ამ თემაზე დებატებიც გაიმართა, მოსულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, კონკრეტული რადიკალური ძალებიდან და სიტყვა - არაბიზაცია, ამ პროექტთან მიმართებით ვერც ერთხელ ვერ ახსენეს, ვერ გაბედეს ვერც ერთხელ. ორჯერ ახსენეს სიტყვა - არაბიზაცია და ორივე სხვა საკითხთან მიმართებით. არც ერთხელ სიტყვა - არაბიზაცია, რაზეც კამპანია ჰქონდათ აგებული, არ უხსენებიათ ამ პროექტთან მიმართებით, რატომ - იმიტომ რომ ძალიან ნათელია, რომ არაფერ შუაშია EAGLE HILLS-ის პროექტთან არაბიზაცია, ძალიან მარტივად სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს, როდესაც მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე ეს ხომ სამარცხვინოა, უკადრებელია, ეს არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, სამარცხვინოა. 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები და არაბიზაციაზე რომ საუბრობენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა. კაცურიც არ არის ეს ყველაფერი, არაფერი ახსნა არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოების წინაშე,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826