სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი
ღვინის ექსპორტი 12%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 83,265,496.69 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებამაც 240,348.26 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 94,857,548.15 ლიტრი ღვინო გავიდა.
ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ღვინის მთლიანი ექსპორტის 70%-ი. ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარი პოლონეთია, სადაც ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 6%-ი გავიდა.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 11 თვეში 2022 წლის 11 თვესთან შედარებით ღვინის ექსპორტი 11%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 157,573.80 ათასი დოლარის ღირებულების 58,289,174.66 ლიტრი ღვინო გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65,857,288.04 ლიტრი ღვინო, რომლის საექსპორტო ღირებულებაც 149,989.02 ათასი დოლარი იყო.
2023 წლის 11 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 11%-ი ევროკავშირის ბაზარზე შევიდა. მიმდინარე წელს ევროკავშირში სულ 8,910,597.48 ლიტრი ქართული ღვინო შევიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28,122.07 ათასი დოლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ წელს ქართული ღვინის ექსპორტი მოცულობის მხრივ კლებას აჩვენებს, სამაგიეროდ ზრდაა ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. თუ 2022 წლის 11 თვეში ექსპორტზე 232,577.80 ათასი დოლარის ღვინო გავიდა, 2023 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებლებმა უკვე 240,348.26 ათასი დოლარი შეადგინა, შესაბამისად ზრდა 3%-ია.
სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826