სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“, ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე - კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი
პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე, - განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.
„თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი,“- განაცხადა ლევან პაპიაშვილმა. სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაკომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში „როგორ მუშაობს „ქეშბექი“?“, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია. „ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს“- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826