საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 19 აპრილამდე გახანგრძლივდა
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 176 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 9875 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 3, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 14, ბორჯომი - 9, დმანისი - 20, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 29, საგარეჯო - 4, თელავი - 3, სიღნაღი - 14, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 2, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3.
პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 10 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 45 726 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 13 446 ჰექტარი საძოვარი.
მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826