საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს - ვარლამ ებანოიძე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის განსხვავებული მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება.
„როგორც წესი, ისეთ კონცენტრირებულ ბაზრებზე, როგორიც საქართველოს საბანკო სისტემაა, სხვა ქვეყნის რეგულატორები უფრო უხეში ინტერვენციების მექანიზმებს იყენებენ, ჩვენ კი პირველადი ხელშესახები შედეგები ე.წ. არაქირურგიული მეთოდებით მივიღეთ", - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.
მისივე შეფასებით, ამ შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულირების ლაბორატორიამ (Regulatory Sandbox), რომელიც ახალ კომპანიებს ტექნოლოგიების რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ასევე ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურამ, რომელმაც გადახდებისა და მონაცემთა გაცვლის ალტერნატიული მექანიზმები შექმნა.
ვარლამ ებანოიძის განცხადებით, ამ ინსტრუმენტების ერთობლიობამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, ფინტექ კომპანიებმა შეძლეს ონლაინ კონვერტაციისა და QR-გადახდების მიმართულებით ოპერირების დაწყება, ხოლო მცირე ბანკებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობები მიიღეს.
„ყოველივე ეს ნამდვილად საქართველოს ეროვნულ ბანკს ინოვაციების ავანგარდში აყენებს არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონს მიღმა და საქმით ამტკიცებს ჩვენს ამბიციებს რეგიონალურ ჰაბთან მიმართებაში", - დასძინა ვარლამ ებანოიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026". აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826