საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება - პრემიერი
ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობისა მეთაურის თქმით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას.
„ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, რომლის ფარგლებში ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალის მართვისა და საჯარო სამსახურის განვითარების თანამედროვე სისტემები.
დღეს საჯარო სექტორში 45 000-მდე მოსამსახურეა დასაქმებული. საჯარო სამსახურში ღია და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დასაქმების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 3 500 ვაკანსია გამოქვეყნდა.
მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1 400-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა პირველი პროფესიული გამოცდილება სწორედ საჯარო სექტორში მიეღო, ხოლო ასეულობით მათგანმა პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში გააგრძელა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თმით, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება.
„ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826