საერთაშორისო ვალუტის გამოყენების ძირითად მაჩვენებლებში ევროს წილმა 20%-ს მიაღწია
საერთაშორისო ვალუტის გამოყენების ძირითად მაჩვენებლებში ევროს წილი ზომიერად გაიზარდა და დაახლოებით 20%-ს მიაღწია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ECB ავრცელებს.
,,2025 წელს ევროს ნომინაციით საერთაშორისო სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებამ ერთიანი ვალუტის შემოღების შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია და 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ევრო პირველად გახდა ლიდერი მწვანე და მდგრადი საერთაშორისო ობლიგაციების ბაზარზე. ევროზონაში უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოდინება ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოს იყო”, - წერს ECB.
,,ამავდროულად, იკვეთება სისუსტის ნიშნებიც. ცენტრალური ბანკები გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აგრძელებენ ოქროს რეზერვების ზრდას, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ დააჩქარა ალტერნატიული, უცხოური საგადახდო სისტემების განვითარება, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების. ეს ტენდენციები საერთაშორისო მონეტარული სისტემის მზარდ ფრაგმენტაციაზე მიუთითებს”, - აღნიშნულია ECB-ის გამოქვყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის $751 მლნ ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს $372 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო
10.06.2026.14:36
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
„აღნიშნული თანხა ნაწილია პროექტისა, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი აშშ დოლარის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონი აშშ დოლარის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით.
აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.