საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილების შესახებ იმსჯელა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ექნება როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს.
„საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის კანონი" იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, რისი დაფინანსება ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და ღიად და გავმჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები თუ კონკურსი, რომ ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826