საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მოწესრიგებას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შექმნილი ხელოვნურ კუნძულთან მიმართებით. ამასთანავე, ჩნდება სამართლებრივი საფუძველი მათი განკარგვისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით დადგენილი წესით.
პროექტის თანახმად, ხელოვნურად შექმნილი კუნძულის და ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით იმოქმედებს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები.
„ბათუმში მიმდინარეობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე დაწყებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები. ვინაიდან, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს შიდა წყლებში კუნძულებისა და ნახევარკუნძულების მოწყობისა და მათი განკარგვის საკითხებს, მთავრობამ აღნიშნული საკითხების სამართლებრივად მოწესრიგების მიზნით პარლამენტის წინაშე ეს ინიციატივა დააყენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826