საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე - „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)" მეორე ცვლილება".
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის განცხადებით, სასესხო შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა სესხის სახით გამოყო 90 მილიონი ევრო, რაც სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოებისკენ, ასევე, განათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიიმართა.
2020 წელის 16 სექტემბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმების ცვლილებას, რაც გულისხმობდა სამინისტროს მხრიდან არსებული თანადაფინანსების 20%-ის ცვლილებასა და პროექტის 100%-იან დაფინანსებას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მხრიდან.
ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს მიმართა სასესხო შეთანხმების ცვლილებების განსახორციელებლად, რომ სესხის დახურვის თარიღად 2026 წლის 31 მარტის ნაცვლად განისაზღვროს 2027 წლის 31 მარტი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826