საგადასახადო შეღავათების შედეგად, საქართველოში 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა - ავთანდილ კასრაძე
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა.
საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და მიღწეული შედეგების დამსწრე აუდიტორიისთვის გაცნობას ეხებოდა.
დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 500 მილიონ ლარამდე კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 42 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპების საქართველოში გადამზადებას უზრუნველყოფს. აქსელერაციის პროგრამა უკვე მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი ლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%- ის თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს რეგიონებშიც ახორციელებს საგრანტო პროგრამებს და მხარს უჭერს რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას.
საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, დაფინანსდა 80 პროექტი.
ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტექნოპარკი (ბათუმი, კასპი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ზუგდიდი, ოზურგეთი) სრული დატვირთვით მუშაობს და, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, არაერთ პროგრამას, ტრენინგსა თუ ვორქშოფს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
2023 წელს დაგეგმილია ტექნოპარკის გახსნა სენაკში, 2024 წელს კი - ქუთაისში. ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე IT ეკოსისტემაზე.
საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელთაც, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით 830 მილიონი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826