საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებაზე იმსჯელებს - ავთანდილ კასრაძე
საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტი უკვე იმსჯელებს ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა. კასრაძემ სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს.
„მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩვენს 10 წლის იუბილეზე, წარადგინა ეს ახალი ინიციატივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მატარებელი იქნება ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის. ერთის მხრივ, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს და მეორეს მხრივ, რეგიონიდან მოვიზიდოთ ინოვაციური სტარტაპები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გავამდიდროთ. საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს ინოვაციების მიმართულებით და ის საგადასახადო რეფორმები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს მნიშვნელოვანი იქნება. განსხვავებით საწარმოსგან, მაგალითად საწარმოს გადატანას ერთი ქვეყნიდან მეორეში ძალიან ბევრი ლოგისტიკური და სხვადასხვა პრობლემა აქვს, მაგრამ ტექნოლოგიური კომპანიების მთავარი ღირებულება არის ადამიანი და სწორედ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდეს. საქართველო ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ემატება საგადასახადო ნაწილი.
ასევე, სტარტაპების მიმართულებით დაფინანსებები გაგრძელდება და იზრდება კიდეც მათი დაფინანსება“, - განაცხადა კასრაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826