საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის II კვარტლის მიმოხილვა" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.
,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 13.4%-ით 2,200 ბინამდე გაიზარდა (+11.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 5.3%-ით 1,968 ბინამდე შემცირდა (+7.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშნველოვნად 35.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში +47.9% წ/წ.
2026 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს", - წერს Galt & Taggart-ი.
დოკუმენტის თანახმად, ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია.
სხვა სიახლეები
სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა | World Bank
06.10.2026.17:22
სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
ენერგორესურსებზე მაღალი ფასების, მომატებული გაურკვევლობისა და სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ექსპანსიის ფონზე, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2026 წელს, სავარაუდოდ, 2.2%-მდე შენელდება 2025 წლის 2.6 %-იანი ზრდის შემდეგ, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, სამუშაო ადგილებს, ფირმებსა და პროდუქტიულობას ეხება.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება საყოველთაო ხასიათისაა და რეგიონის ქვეყნების უმეტესობის სუსტ მაჩვენებლებს ასახავს. რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40 პროცენტი მოდის, მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლების 3%-მდე შემცირება 2026 წელს 2025 წელს არსებული 3.7%-დან. გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე გაჩენილმა შეფერხებებმა გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდები.
„რეგიონის განვითარებადი ქვეყნები კვლავაც იჩენენ მედეგობას, რაც განპირობებულია ენერგომოხმარების შემცირებული ინტენსივობით,, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებითა და მაღალი შიდა მოთხოვნით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიცდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „პროდუქტიულობის ასამაღლებლად და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის კლების დასაბალანსებლად ქვეყნებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენონ საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ამ ტექნოლოგიური ცვლილებისთვის შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციების მოსამზადებლად“.
შრომის ბაზარზე ხელსაყრელმა პირობებმა, რეალური ხელფასების, ფულადი გზავნილების, ტურისტების რაოდენობისა და სახელმწიფო ინვესტიციების მატებამ ეკონომიკური ზრდა წაახალისა. სახელმწიფოს მხრიდან დროებითმა მხარდამჭერმა ღონისძიებებმა ნაწილობრივ შეაკავა ენერგორესურსების მაღალი ფასების ზემოქმედება შინამეურნეობებსა და ფირმებზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამის გამო ფისკალური წნეხი უფრო მეტად გაიზარდა.
ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვერეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება .
ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოყოფილ სპეციალურ თავში, ანგარიში მიუთითებს, რომ ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგიონს ამჟამად შეუძლია მისი ათვისება. ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთი, ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრი, მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამჟამად ათი ფირმიდან ერთზე ნაკლები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ისიც უმეტესწილად მარტივი ამოცანების შესასრულებლად.
რეგიონს ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის, თითქმის უნივერსალური მობილური დაფარვის, ენერგორესურსების ხელსაყრელი ღირებულებისა და ძლიერი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების გამო. თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელს უშლის საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების, ინტეგრირებული და თავსებადი მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობა.
„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ადაპტაციისა და ინოვაციის წარმმართველი ძალა, მის გამოსაყენებლად შრომითი რესურსების მომზადება პოლიტიკის შემმუშავებლებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დაძლიონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა. მომდევნო ათწლეულში ძირითადი რისკი, სავარაუდოდ, იქნება ხელოვნური ინტელექტის არასაკმარისი დანერგვა და ადაპტაცია რეგიონის მასშტაბით და არა გადამეტებული გამოყენება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.
არსებული დარგების ეფექტიანობის ამაღლების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი პროდუქტების, სერვისების, პროფესიებისა და დარგების შექმნის ხელშეწყობა. ამის რეალობად ქცევის ორი მთავარი წინაპირობა არსებობს: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და კერძო კაპიტალის გაცილებით დიდი შემოდინება. მთავრობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასეთი ნაკადების სტიმულირებას გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, რითაც, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეიქმნება გამოთვლითი სიმძლავრეების ექსპორტის შესაძლებლობები.