„საქაერონავიგაცია" ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელში ჩაერთო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია" ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო.
NewPENS (new pan-European network service) არის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა.
NewPENS სააერონაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული.
„აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრულ - IWXXM ფორმატით" - განაცხადა„საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
NewPENS-ში ინტეგრაციაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქაერონავიგაციას", ევროკონტროლსა და BT გლობალ სერვისს შორის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826