საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა - Heritage Foundation
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და 35-ე ადგილზი დაიკავა. გასული წლის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 0.6-ით შესაბამისი 68.4-დან და ბოლო განახლებით 69-ს უტოლდება.
რეგიონის ქვეყნების თვალსაზრისით Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:
სომხეთი - 57-ე, 65.4 ქულა
აზერბაიჯანი - 75-ე, 62.5 ქულა
თურქეთი - 111-ე, 56.1 ქულა
რუსეთის ფედერაცია - 135-ე, 51.6 ქულა
ცნობისთვის, Heritage Foundation აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია:
1. კანონის უზენაესობა | საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე
2. მთავრობის ზომა | საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა
3. რეგულაციების ეფექტიანობა | ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება
4. ღია ბაზრები | საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826