საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით ლიდერია როგორც 2024, ასევე 2025 წელს - ვახტანგ ცინცაძე
მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების" მიმოხილვის ანგარიშის თაანხმად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9%-ია, რაც წინა პროგნოზზე 3.8 პროცენტული პუნქტით მეტია, ასევე საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით 2025 წელს და ის 6%- ს შეადგენს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.
„ჩვენი მიზანია, ეკონომიკური პარამეტრები და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავაახლოვოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და ზოგადად ეკონომიკა გადავიდეს თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, მისი თქმით, ასევე ხორციელდება არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდას და უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნეს გარემოს. „სწორი და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომავალ წლებშიც შენარჩუნდება," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826