საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება - Lineate-ს რეგიონალური დირექტორი გიორგი ციკოლია
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელური სესიის - „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები" ფარგლებში, აშშ-ში მოქმედი ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ საქართველოს ბაზრის მიმზიდველობასა და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
გიორგი ციკოლიას შეფასებით, საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება, აიტი ინდუსტრია ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს იკავებს.
„რომ შევხედოთ გლობალურ კომპანიებს, ისინი ბაზარზე შემოვიდნენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, ბაზარი უფრო მომწიფებულია და გლობალურ კომპანიებსაც აქვთ ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპაში გაგვეფართოებინა ჩვენი ორგანიზაცია და სხვადასხვა ოფისები განვათავსეთ, შესაბამისი ანალიტიკური პროცესებიც განვახორციელეთ და აღმოვაჩინეთ საქართველო, რომელიც წამყვანი ეკონომიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკითხების მიხედვით შევაფასეთ ქვეყნები და განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებსაც ვუყურებდით" - აღნიშნა ციკოლიამ.
მისი თქმით, კომპანიამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა რეგიონული ოფისის შექმნა საქართველოში და ბოლო 18 თვეა, ინვესტიციებს ახორციელებს ადგილობრივ ეკონომიკაში.
„გვსურს, რა გამოცდილება და ცოდნაც გვაქვს, მთლიანად გადანაწილდეს ამ ღირებულებათა ჯაჭვზე, ადგილობრივი ტალანტებიც განვავითაროთ, ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან და შედეგად, ბევრი ტექ-კომპანიაც უფრო მეტად განვითარდება ამ სექტორში. საქართველოში აიტი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტი უკვე მილიარდ დოლარს ითვლის. ეს ინდუსტრია იკავებს ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს. ძალიან მიხარია, რომ ამ მდგომარეობას ვხედავთ" - განაცხადა Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826