საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ადგილია - Bloomberg
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Bloomberg საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით - `როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“ აქვეყნებს
როგორც Bloomberg წერს, ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ.
„საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი.
ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით“, - წერს Bloomberg.
როგორც სტატიაში აღინიშნება, ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.
„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრიდ“, - წერს გავლენიანი გამოცემა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826