საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით - ირაკლი ნადარეიშვილი
„აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ეკონომიკის სწრაფ პოსტპანდემიურ აღდგენას და გლობალური გამოწვევებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ანგარიში, მათ შორის, ეყრდობა ბლუმბერგის 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურ კვლევას, რომლის თანახმადაც საქართველო მე-13-ეა მის მიმართ უცხოური კომპანიების საინვესტიციო დაინტერესების თვალსაზრისით.
„ბლუმბერგის კვლევის თანახმად, დაინტერესებული ინვესტორების 70 პროცენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ეკონომიკის მიმართ მაშინ, როდესაც ანალოგიური გლობალური მაჩვენებელი 55 პროცენტია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული რეფორმებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826