საქართველო მუდმივად მიისწრაფვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და დამცავი მექანიზმების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისაკენ - ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამართულ რიგით, მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმზე.
გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა საგადასახადო სფეროში ისტორიული აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნების მთავრობებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მნიშვნელობას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყოველთვის ასრულებდა არსებით როლს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და ეს ტრადიცია გრძელდება დღესაც.
„ძლიერი ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელებით, რაც საქართველოს დინამიურ და ინვესტორებისადმი კეთილგანწყობილ ეკონომიკად აქცევს, ფისკალური დისციპლინის განუხრელი დაცვის პარალელურად, საქართველო ინარჩუნებს საგადასახადო სისტემას, რომელიც დაბალ საგადასახადო განაკვეთებს უახლეს ინოვაციებთან — მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების თანამედროვე მიდგომებს — უთავსებს. ამავე დროს, საქართველო მუდმივად მიისწრაფვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და დამცავი მექანიზმების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისაკენ, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის, პოსტპანდემიურ და მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების პერიოდში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რამაც უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება. საუბარი, ასევე, შეეხო ინვესტიციებს ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორებიცაა საგზაო, საპორტო, ენერგო გადამცემი ხაზებისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებები.
მან, ასევე, ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლების მობილიზაცია და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები. ჩვენი მომავალი მიდგომის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა ქვეყნის პირველი შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგია (2025–2030 წწ.). გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაახლა და გამოაქვეყნა სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის, რომელიც განაგრძობს რეფორმების სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს ჩვენს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა: საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიურ ჩარჩოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო არის ევროკავშირის საგადასახადო პროგრამის (FISCALIS) სრულუფლებიანი წევრი, ქვეყანა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის, ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდაევროპული ორგანიზაციის (IOTA), ასევე „სარტყელი და გზის ინიციატივის" წევრი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციათა გაერთიანების (BRITACOM) აქტიური წევრია.
„როგორც შემოსავლების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ახლა კი ფინანსთა მინისტრს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად მესმის საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას შორის სინერგიის მნიშვნელობა. ეს ფორუმი გთავაზობთ კარგ შესაძლებლობას, გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და ფორუმს წარმატებები უსურვა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826