საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ – ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური ევროპის აეროპორტების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, რეგიონალური აეროპორტების განვითარებაზე, აეროდრომებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ მართვაზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს აეროპორტებში ბოლო პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოვებისა და თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ ისაუბრა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება.
,,საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ. ჩვენს აეროპორტებში თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც, ჩვენ წლის ბოლომდე აეროპორტებში რეკორდულ რაოდენობას – 7 მლნ-მდე მგზავრს ველოდებით. ჩვენი გეგმაა, რომ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სამომავლოდ, გახდეს რეგიონალური საავიაციო ჰაბი და იყოს კონკურენტრუნტუნარიანი ტრანზიტული მგზავრების მიმართულებითაც.
ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აეროპორტების უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში დღეს ჩვენ საავიაციო უშიშროების მიმართულებით ლიდერები ვართ და ეს ICAO-ს აუდიტმაც აღიარა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი პოლიტიკა – სწორია.
მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის სიდიდით მეორე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხითაც. სადაც დავიწყეთ ახალი, 3, 5-კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მივიღოთ და მოვემსახუროთ. განვითარებისთვის და გაფართოვებისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენს აეროპორტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე კოლაბორაცია უფრო მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებთან და სიახლეებისა და ახალი იდეების გაცვლა ამ მიმართულებით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ათენში გამართულ სამდღიან კონფერენციაში შეერთებული შტატებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ყოველწლიური კონფერენცია ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიერ იყო ორგანიზებული. ირაკლი ქარქაშაძემ მონაწილეობა კონფერენციის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაშიც მიიღო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826