საქართველო წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი - ლევან დავითაშვილი
მსურს, თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროკავშირის ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამას ჩვენ საუკუნეები ველოდით, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებულიყო. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელი საქართველო გაერთიანებულია ერთი დიადი, დიდი მიზნის გარშემო, რასაც ქვია ევროკავშირის წევრობა, - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ვიცე-პრემიერმა 14 დეკემბრის ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში.
„ჩვენთვის ევროპაში ყოფნა ცივილიზაციური არჩევანია და შესაბამისად, ის აღემატება ეკონომიკურ, პრაგმატულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში, თითოეული ქართველისთვის საზეიმო დღეა და ჩვენ ყველა ვართ ემოციურები, როდესაც საქართველომ დღეს უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, 2014 წლიდან მოყოლებული გავიარეთ ეს გზა, როდესაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ყველა ვალდებულება შეასრულა და იყო გამორჩეული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო ასევე წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, საქართველო ყველა აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა და სამართლიანად მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. მან ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მონდომება, შრომა და პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826