საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა - გენადი არველაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებზე მოხსენება გააკეთა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 60 პროცენტზე მეტით ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA - ით არის გათვალისწინებული.
გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს. ორმხრივი ვაჭრობის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თვეში ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა.
გენადი არველაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ექსპორტის ზრდაზე ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი (43 პროცენტი), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (52 პროცენტი), ნატურალური წვენები (93 პროცენტი), უალკოჰოლო სასმელები (36 პროცენტი), აზოტოვანი სასუქები (84 პროცენტი).
მისი თქმით, საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა.
გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით.
მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში", რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობა და სხვ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მოხსენების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826