საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო - კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მიმდინარე წელს მოლაპარაკებების დაწყებაზე.
გენადი არველაძემ კორეის მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კორეის რესპუბლიკიდან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა მოხდეს მოლაპარაკების პირობების დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმება და ხელმოწერა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826