საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორიდან ცენტრამდე შატლის დანიშვნის მიზნით ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს
2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 1, 383, 408 ლარს შეადგენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები იქნება შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
„ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა.
მომავალი წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, ქუთაისიდან აეროპორტამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=550774&lang=ge
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826