საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.
სამდღიან ფორუმზე აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას. Connect 2025-ის ფარგლებში, გავმართავთ არაერთ შეხვედრას საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების დამატებითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით, - ‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826