საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე
საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოემსახურა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე სულ 179 514 მგზავრს მოემსახურა, რითაც ავიაკომპანია ბაზრის 19%-ის მფლობელი გახდა. გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტი მგზავრი თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა გადაიყვანა, ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი იკავებს.
2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე:
1. Wizz Air - 19%,
2. Pegasus Airlines - 9%,
3. Georgian Airways - 8%,
4. Azerbaijan Airlines - 7%,
5.Turkish Airlines - 7%.
საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 59%-იანი ზრდა აჩვენეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 996 096 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. მიმდინარე მაჩვენებლები 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 124%-იან ზრდას აფიქსირებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-თებერვალში 626137 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 443 953 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 665 314 მგზავრს, ხოლო 2024 წლის პირველ ორ თვეში კი 915 710 მგზავრს მოემსახურა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი
21.11.2026.10:46
თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.
„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.
„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.