საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საელჩოს წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველკვარტალური კვლევის, BAG ინდექსის, შედეგები გააცნო, სადაც ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური კადრების და ზოგადად შრომის ბაზარზე არსებულ ადამიანური რესურსების დეფიციტზე.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იყო ენერგეტიკული პროექტები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციასა და როლზე, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, როგორც გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენას. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობასთან საქმიანი დიალოგი დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826