საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის რეგიონული განვითარების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით UNDP-ის პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. აღსანიშნავია, რომ UNDP-ის პროექტი „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში", რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, მიმართულია რეგიონების განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების გზით, ასევე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
რაც შეეხება, USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამას", ის მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და გამყოფ ხაზთან მდებარე მდებარე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას, ისევე როგორც, სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ რეგიონული, ქვეყნის და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასა და ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკური დივერსიფიცირების მიზნით. ასევე შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/ფერმერების ჩართვას წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, ბაზართან და მომხმარებელთან უკეთესი წვდომის მიზნით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის მოსაზრებით, „ასეთ პროექტებში ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი საინვესტიციო პარტნიორობა კერძო სექტორთან ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას".
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
„ბიზნეს სექტორის ინფორმირება და ასეთი ტიპის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კერძო-საჯარო თანამშრომლობისთვის. ბიზნესის ჩართულობა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროცესში საკვანძოა, რადგან ბიზნესში არის გამოცდილება და კომპეტენცია, შესაბამისად, მათ უკეთ იციან, სად შეიძლება სწორი ინვესტიციების გაკეთება, თუმცა შესაძლოა აუცილებელი გახდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა ინფრასტრუქტურა მიჰყვეს ბიზნესის განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826