საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას - ვახტანგ ცინცაძე
„ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება მომავალ თვეებში და ჩვენ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2023 წლის მარტში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია და 7.3% შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მარტშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციებიც. „მარტში ექსპორტის დაახლოებით 33-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმის შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826